fbpx

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მათმა ადვოკატებმა, დავით ჩოამახაძემ და თამილა ქუთათელაძემ განუცხადეს.

ისინი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იყვნენ დაბარებული, სადაც, ადვოკატების ცნობით, დააკავეს ქრთამის შეთავაზებისა და მუქარის მუხლებით.

„აკაკი კობალაძე დღეს შუადღისას მოიყვანეს მოწმის სტატუსით. იმის შემდეგ, გაჩერებული ჰყავდათ ამდენი ხანი. ნახევარი საათის წინ კი, უცბად წაუყენეს აბსურდული ბრალი, რომ მის ბავშვობის მეგობარზე ახორციელებდა მუქარას, დაშინებას და ქრთამიც შესთავაზა თითქოს. ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს ნამდვილად პოლიტიკური დაკვეთაა და ეს პოლიცია არაფერ შუაშია, დარწმუნებული ვარ. ისინი უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. ვისგან მოდის დავალება, ალბათ ეს ისედაც ნათელია.

ბოლომდე თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებულნი. უბრალოდ, მოწმის სტატუსით გამოკითხეს ადამიანი და უცებ მოხდა დაკავება, მუხლებიც უცებ წაუყენეს. მაგრამ ოფიციალურად, დოკუმენტურად ბრალი არ არის წარდგენილი და შესაბამისად, რა იქნება შიგნით ჩაწერილი, არავინ იცის. ცოტა დაიბნენ იმაზე, რომ ესენი ბავშვობის მეგობრები აღმოჩნდნენ და ამან გამოიწვია ამდენხანს დროში გაჭედვა პროცედურების. მაგრამ ზოგადად, საუბარი არის იმაზე, ოლქის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თითქოს ახორციელებდა მუქარას და იძულებას. ახლა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – განაცხადა აკაკი კობალაძის ადვოკატმა, დავით ჩომახაძემ.

ამასთან, აკაკი ხუსკივაძის ადვოკატის, თამილა ქუთათელაძის თქმით, ხუსკივაძე ცუდად გახდა და პოლიციის შენობაში სასწრაფო გამოიძახეს. თამილა ქუთათელაძის განცხადებით, პოლიციას მათთვის დაკავების ოქმი არ გადაუცია.

„ბრალდებული ისე წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ არც მისთვის და არც ჩემთვის დაკავების ოქმი, ან ბრალის დადგენილება არ გადმოუციათ. ბრალი წაუყენეს 339-ე, 150-ე და 151-ე მუხლებით. ეს არის ქრთამის შეთავაზება და ზეწოლა, მუქარა რაც არის აბსურდი. ის მოწმის სახით მოიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი მანქანა გაჩხრიკეს, ტელეფონები ამოიღეს და სუნის ნიმუში აიღეს. ეს ასე არ ხდება. მოწმის სახით დაბარებულზე სუნის ან რაიმე სხვა სახის ნიმუშის აღება ასე არ ხდება. ის ამ გარემოებიდან გამომდინარე უკვე უკანონო პატიმარია“, – განაცხადა თამილა ქუთათელაძემ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მეგობარმა, ზაალ ზაალიშვილმა დღეს გამოკითხვისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა პირებმა – აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ თედო გობეჯიშვილს თანამდებობიდან ხმაურით წასვლა და 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გააფრთხილეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პატიმრობა ემუქრებოდა. ზაალ ზაალიშვილის ინფორმაციით, თედო გობეჯიშვილი ამ პირებთან შეხვედრის შემდეგ აღელვებული იყო, რის შესახებაც მას უამბო.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია