fbpx



გიორგი გახარია: “საქართველო საერთაშორისო დახმარების სახით $3 მილიარდს მიიღებს – არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს.”

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ კრიზისული მართვის პერიოდში და ვსაუბრობთ კრიზისის პერიოდში მართვაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

„ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF).

ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება. დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის.

ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია