fbpx

ბუწაშვილი რატიანს განსხვავებული პოზიციით უპირისპირდება

ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას ეხმაურება.

“ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას” და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.

სინამდვილეში ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და თუ რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი.

უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული,

აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.

თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე”, – წერს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან რატიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ დაავადებული.

„კორონავირუსის ინფიცირება და მისი PCR ტესტით იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაავადებული Covid-19-ით.

თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოჩნდა, რომ ის არის პოზიტიური, თუ მას არ აქვს სიმპტომატიკა კლინიკურ დონეზე გამოვლენილი, არ ნიშნავს რომ ის არის Covid-19-ით დაავადებული.

Covid-19 არის დაავადება ადამიანს პლიუს ინფექცია და პლიუს კლინიკური გამოვლინება.

ეს განმარტება არ იყო ჩვენს მოსახლეობამდე მიწოდებული. ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას, ამიტომ უნდა ვიყოთ მშვიდად.

მე თუ ვარ ინფიცირებული და არ მაქვს კლინიკური სიმპტომატიკა გამოვლენილი, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი სისუსტე, ცხელება და ა.შ. რაც ამ დაავადებას ახასიათებს, ეს არ ნიშნავს, რომ ვარ Covid-19-ით დაავადებული“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია