fbpx



ახალაიამ და მისმა თანხმლებმა პირებმა კალანდაძემ და ჭაკუამ, ნაცემი დაზარალებული თბილისის გარეუბანში ერთ–ერთ სახლში მიიყვანეს და აღუკვეთეს თავისუფლება

არქივი-2012 წლის 8 ნოემბერს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადება

პროკურატურამ სასამართლოს ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის და ორი სამხედრო მაღალჩინოსნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყო.

ბაჩო ახალაიას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს და მე–4 ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში“ ედებათ ბრალი; საქმე ეხება ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის ფაქტებს 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ახალაია თავდაცვის მინისტრად მსახურობდა.

ახალაიას სხვა მუხლითაც წაუყენეს ბრალი, რომელიც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ ეხება.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 9 ნოემბერს, რომ საქმე ეხება 2011 წლის 13 სექტემბერს სავარაუდოდ ახალაიას, კალანდაძის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას და კიდევ რამდენიმე პირის მიერ დაზარალებულის, რომლის ვინაობაც არაა გახმოვანებული, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

იმ დროს ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო, კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო ჭაკუა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც ეს თანამდებობა 2012 წლის სექტემბერში, ციხის სკანდალის შემდეგ დაკარგა.

პროკურატურამ ანონიმი დაზარალებულის წერილობითი ჩვენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 13 სექტემბერს დილის 5 საათზე იგი ახალაიას ნაცნობებმა გაიყვანეს სახლიდან და თბილისის ერთ–ერთ რესტორანში მიიყვანეს, სადაც რესტორნის ერთ–ერთ კუპეში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ახალაიამ და მისმა თანხმლებმა პირებმა, მათ შორის კალანდაძემ და ჭაკუამ, ასევე ახალაიას დაცვის წევრმა. ჩვენების თანახმად, შემდეგ დაზარალებული თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ–ერთ სახლში მიიყვანეს, სადაც ის 13 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე ამყოფეს. ჩვენების თანახმად, დაზარალებული წარსულში იცნობდა ახალაიას, თუმცა ინციდენტამდე ოთხი წელი არ ყავდა ნანახი. ერთ–ერთ ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ახალაია დაზარალებულის შვილის სავარაუდო ნათლიაა. დაზარალებული აცხადებს, რომ მან არ იცის, რისთვის სცემეს ის. პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა დაზარალებულის მეუღლის და კიდევ ოთხი მოწმის ჩვენებებები – ზოგიერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ზოგიც სასჯელაღასრულების სისტემის თანამშრომელია, რომელთაც დაზარალებული საკუთარი სახლიდან რესტორნამდე და რესტორნიდან გარეუბანში მდებარე სახლამდე გადაიყვანეს.

მთავარმა პროკურორმა განაცხადა,  რომ ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით.

მთავარი პროკურორის თქმით, ამგვარი დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე.    

კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე საკმარისი არის იმისათვის, რომ წარმოება იქნას დაწყებული სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ. მისი თქმით, „კალანდაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეფასება ამ გარემოებათა შესახებ და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის შერჩევა მოხდება უახლოეს დროში“.

„ათეულობით განცხადებაა მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაის შესაძლო დანაშაულების შესახებ, ჩვენ ვახდენთ მათ ინტენსიურ შესწავლას, მტკიცებულებათა მოძიებას და არ გამოვრციხავთ, რომ უახლოეს დროში კიდევ ახალი ეპიზოდების შესახებ გახდეს ცნობილი“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია