fbpx

არავის დავაჩაგვრინებთ, ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ- ილია მეორე

სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების ფონზე სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს 2013 წლის სიტყვები გაიხსენეს, რითაც ილია მეორე მაშინ სამთაწყაროში მსგავსი ტიპის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

კათოლიკოს პატრიარქმა 2013 წელს, როდესაც სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილს ერთად შეხვდა, შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს.”

ჩვენთვის ერთიც და მეორეც შვილები ხართ და არავის დავაჩაგვრინებთ. ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ. თქვენ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ. მინდა გითხრათ, რომ დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე თქვენს სოფელში და პირადად მოვინახულო სამთაწყარო. ხელოვნურ პროვოკატორებს არ უნდა მოუსმინოთ. ღვთის მადლით, მშვიდად უნდა ვიყოთ და ღმერთი ვადიდოთ”, – აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია