fbpx

ITB China ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ITB China 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანია დაესწრო.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მრავალი წელია მონაწილეობს ჩინეთში გამოფენა-ბაზრობებზე, თუმცა წელს პირველად, შანხაიში, წარმოდგენილები ვართ ITB China 2024-ზე, ვფიქრობთ წარმატებული გამოფენა იქნება, აღსანიშნავია, რომ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიმართ ინტერესებს ჩინელი ტურისტების მხრიდან. ვფიქრობ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ჩინეთიდან ბევრი ტურისტი მოვიზიდოთ“,-აცხადებს „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსი ანა კეკელია.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის უკვე მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ აქტიურად შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩინეთის ბაზარზე, როგორც ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისით. წელს საქართველო პირველად მონაწილეობს ITB China 2024-ზე, რომელიც უმსხვილესი გამოფენაა, სადაც მთელი მსოფლიოდან თავს იყრიან ტურისტული კომპანიები, ჩინეთში მოქმედი წამყვანი ტუროპერატორები. საქართველო ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ტურიზმის სექტორთან ერთად. ჩვენ აქტიურად ვხვდებით მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, ასევე ტუროპერატორებს, რომლებიც მოამზადებენ პაკეტებს საქართველოს მოგზაურობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორების ზრდას“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

„სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია გამოფენაზე, სამეგრელოთი დაინტერესებულ სტუმრებს აცნობს რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს. მოხარული ვარ, რომ ინტერესი დიდია, რასაც ასევე განაპირობებს უვიზო რეჟიმი. დარწმუნებული ვარ დიდი ტურისტული ნაკადების შემოყვანას შევძლებთ“,-განაცხადა სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეა საჯაიამ.

გამოფენაზე, საქართველოს სტენდს ITB-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაეცნო. მარიო ტობიასმა საქართველოს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ ქვეყანას ტურისტების მოზდვის დიდი პოტენციალი აქვს.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველო ITB China 2024-ზე პირველად მონაწილეობს. საქართველო ITB Berlin-ის ძლიერი პარტნიორია, საქართველო იყო ჩვენი გამოფენის მასპინძელი ქვეყანა. საქართველოს შეუძლია ბევრი შესთავაზოს სტუმრებს, ეს არის უძველესი ისტორია, ულამაზესი ხედები, კერძები, კულტურა. ვფიქრობ ეს გამოფენა წარმატებული იქნება საქართველოსთვის“,-აცხადებს მარიო ტობიასი ITB Berlin-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

„საქართველო ჩინეთის კარგი მეგობარია, არასდროს ვყოფილვარ თქვენს ქვეყანაში, მაგრამ ბევრი მსმენია, საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, ღვინისა და კერძების შესახებ. ბევრ ჩინელ ტურისტს სურს ეწვიოს საქართველოს, მეც ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში“,-განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ალიანსის თავმჯდომარის მოადგილემ ლიუ შიჯუნიმ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის „Jungle“-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა. კამპანია “სთარინგ ჯორჯიას” ფარგლებში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები Black Sea Arena-ზე გაიმართება.
„ძალიან მოხარული ვარ რომ გავიმარჯვე და მოუთმენლად ველი საქართველოში გამგზავრებას და კონცერტზე დასწრებას“,- აცხადებს გამოფენის მონაწილე და გათამაშების გამარჯვებული რაია.
„ძალიან გამიხარდა, Jungle“-ს კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთი მოვიგე, საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას და ადგილზე ამ კონცერტზე დასწრებას“,-განაცხადა გამოფენის მონაწილემ და გათამაშების გამარჯვებულმა ჯულია შუმ.
შანხაის სამ დღიან ტურისტულ გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება