fbpx

ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას გამოეხმაურა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას გამოეხმაურა:

“ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. ასეთი არაფერი გვინახავს თანამედროვეობაში. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, თვით კაპიტოლიუმზე, თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის პოლიციელებზე და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის ოთახზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ რამდენიმეჯერ გვინახავს. ესაა თავდასხმა აშშ-ს ყველაზე წმინდა საქმიანობაზე, ხალხის საქმის კეთებაზე.

კაპიტოლიუმში ქაოსის სცენა არ წარმოადგენს ნამდვილ ამერიკას, იმას, რაც რეალურად ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომელთა მიზანიც კანონის დარღვევაა. ეს არაა პროტესტი, ეს არეულობაა, ქაოსია. ეს უნდა დასრულდეს, ახლავე.

მოვუწოდებ ამ ბრბოს უკან დაიხიონ და დემოკრატიას საშუალება მისცენ წინ წავიდეს. ადრეც მითქვამს, სხვა კონტექსტში, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ან ცუდია ეს პრეზიდენტი. საუკეთესო შემთხვევაში პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლია შთაგონება. უარეს შემთხვევაში – დაპირისპირების გაღვივება.

ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდებ გამოვიდეს ტელევიზიით ახლავე და შეასრულოს ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია. მოითხოვოს ამ ალყის დასრულება”. – თქვა ბაიდენმა.

ტრამპმა აშშ-ს კონგრესის შენობაში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს Twitter-ზე სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში მყოფებს ვთხოვს მშვიდობიანად მოიქცნენ. არავითარი ძალადობა! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონის და სამართლის პარტია – პატივი ეცით კანონს და ლურჯ ფორმაში გამოწყობილ კაცებს და ქალებს [სამართალდამცველებს]. გმადლობთ!” – დაწერა მან ტვიტერზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინანმა დაწერა, რომ ტრამპის ბრძანებით კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის დასამყარებლად ეროვნული გვარდია გაიგზავნა:

“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ეროვნული გვარდია და ფედერალური დაცვის სამსახურები გზაშია. ჩვენ ვიმეორებთ ტრამპის მოწოდებას და გთხოვთ თავი შეიკავოთ ძალადობისაგან”. – დაწერა მან. 

უცნობია რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპი მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება