fbpx

ჯარის ქალაქის – Army City” მშენებლობა აქტიურად ხორციელდება

ღირსეული საცხოვრებელი გარემო ღირსეული სამხედრო მოსამსახურეებისთვის – მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი “ჯარის ქალაქის – Army City” მშენებლობა აქტიურად ხორციელდება. 

მთავრობის ადმინისტრაციით ცნობით, “ჯარის ქალაქის” მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

“პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. “ჯარის ქალაქის – Army City” მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელი მდგომარეობით, 32 საცხოვრებელი კორპუსი მშენებლობის პროცესშია, სადაც ძირითადად მონოლითური სამუშაოები ხორციელდება – ხდება სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი, მიმდინარეობს ბლოკის წყობა, ბინების ერთმანეთისგან გამიჯვნა სამეზობლო ტიხრებითა და შიდა ტიხრებით, ასევე მიმდინარეობს ლითონის დამუშავების სამუშაოები ფასადისთვის. დანარჩენ 7 საცხოვრებელ კორპუსზე კი, სრულდება ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
 
ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ამხანაგობა. ამხანაგობის მონაწილეები არიან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები. 2022 წლის ბოლოსთვის სამხედროები “ჯარის ქალაქში” თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

“ჯარის ქალაქში” სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. “ჯარის ქალაქში” მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.

მახათას მთაზე ჯარისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. 5 ოქტომბერს მშენებლობისთვის საძირკველი პრემიერ-მინისტრმა და მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროების ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, კაფსულის ჩადებით აღნიშნეს. მახათას მთაზე 2022 წლის დასასრულს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო და ღირსეული “ჯარის ქალაქის” მშენებლობა დასრულდება და თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის პრინციპი – “ყველაფერი საუკეთესო ჯარს!” ყველაზე მასშტაბური პროექტით რეალობად იქცევა,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება