ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს იმ სამედიცინო დაწესებულებებში უკვე იღებენ, სადაც აღნიშნულ პროცედურებს იტარებენ.
ცვლილების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი თბილისის „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ახალი სქემით, პრეპარატების მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა. როგორც მინისტრმა მათთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარებისთვის, მკურნალობის პროცესის გამარტივება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა.
სიახლე ძალაში 24 ივლისიდან შევიდა და მას შემდეგ გაცემული რეცეპტების საფუძველზე, პაციენტებს, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტები, აფთიაქში მისვლის გარეშე, პირდაპირ კლინიკაში ხვდებათ. აღსანიშნავია, რომ ცვლილება ეხება საინიექციო პრეპარატებს და იმ პაციენტებს, ვინც პროცედურებს სამედიცინო დაწესებულებაში იტარებდა. სხვა დანარჩენი ბენეფიციარებისთვის, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის გაცემის წესი უცვლელია.