fbpx

წადი შვილო, თავი დამანებე, ახლოს არ გამეკარო, თავს გაუფრთხილდი, განა რის ფასად აკეთებ ამას?სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი

რუსთავის სასწრაფოს ექიმი, თედო ლემონჯავა სოციალურ ქსელში, კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„წ ა რ მ ო უ დ გ ე ნე ლ ი…

რა კატეგორიის პაციენტი არ შემხვედრია: მომთხოვნი, პრეტენზიული, აგრესიული, მადლიერი, მაგრამ ასეთი – არასდროს:

08/12/2020, ღამის 02:02 წუთზე შემოვიდა ზარი. ინიციატორთთან გადართვა მოვითხოვე.

აღმიწერს COVID19-ით გართულებულ, ქრონიკულ, ჩაწოლილ, ხანდაზმულ პაციენტს და რა თქმა უნდა, ითხოვს დროულ და უსწრაფეს რეაგირებას. ბრიგადა გავედით დაუყოვნებლივ, სპეცეკიპირებით აღჭურვილი. იღბალიც არ გინდა? ლიფტი არ მუშაობს.ავუყევით მე-8 სართულამდე ასასვლელ, უსასრულო კიბეს, ჟანგბადის რეზერვუარიდან დაწყებული, მთლიანი აღჭურვილობით. კარს აღებს ახალგაზრდა ქალბატონი.

– შემოდით დროზე, – მკაცრი მომართვით. საძინებელში განთავსებულია 70-წელს გადაცილებული მამაკაცი N. ის უსინათლოა. სრული სიბრმავე, ორმხრივი (15 წლიანი ანამნეზი). მივესალმე. ხმის გაგონებაზე შეკრთა: – ვინ ხართ? – რუსთავის სასწრაფო ბრიგადიდან ვართ ბატონო, თქვენს დასახმარებლად. – ვინ გამოგიძახათ? – თქვენმა შვილმა, ბატონო.

– რა უფლება გქონდა (მიმართავს შვილს), როგორ არ გრცხვენია, ეს ხალხი შეაწუხო ამ დროს და რისთვის? მე კორონა მჭირს და ვაფრქვევ მილიონობით ბაქტერიას. არ გეცოდება ეს ხალხი?!რა დააშავეს ამ ექიმებმა? ისტერია სჭირს სამყაროს, გახდნენ ეგოისტები. განა ღირს ჩემი გადარჩენა ამ ხალხის, ამათი ოჯახების ინფიცირების ფასად? წადით შვილო, სხვა კატეგორიის ავადმყოფებს მიხედეთ, თავს გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით ოჯახებს, შვილებს. მე თავი დამანებეთ, 15 წელია, სრულ სიბნელეში ვცხოვრობ და ვემზადები საუკუნო სიბნელეში გადასასვლელად (ქარჩხაძის ზებულონივით ესთეტიკურად აღიქვამდა ალბათ, სიკვდილის კონცეფციას: “[სიკვდილი] რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა”).

ჩამოვუჯექი სასთუმალთან. გავშრი, ძლივს ვუყრი სიტყვებს თავს. – ბატონო, ეს ჩემი არჩევანია და მომეცით უფლება, დაგეხმაროთ, არც თუ მყარი ხმით ვეუბნები (სატურაცია 82%). ვცდილობ, მოვარგო ჟანგბადის ნიღაბი.

– რას მიკეთებ? – ვუხსნი. – წადი შვილო, თავი დამანებე, ახლოს არ გამეკარო, თავს გაუფრთხილდი, განა რის ფასად აკეთებ ამას? – ბატონო, ეს ჩემი მოვალეობაა. – არაა ეგ შენი საქმე, გადაგდებ ამ საშინელ სენს და რატომ ღუპავ შენს თავს. შვილები, მეუღლე არ გყავს?მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. – კი ბატონო, მივხედავ მაგათაც. ის მკაცრად განაგრძობს: სამყარო შეიცვალა, ეგოისტი გახდა, გაგიჟდა ხალხი. ამდენი ექიმი დაინფიცირდა, დაიღუპა და ეს გრძელდება… თქვენ თავი შეინახეთ, მერე უფრო დასჭირდებით ამ სამყაროს.

დიალოგში ჩაერთო ჩემი ექთანი. ქალბატონის ხმის გაგონებაზე გაგიჟდა. – შვილები, ოჯახი ხომ გყავს, წადი, რატომ ღუპავთ მათ? და უცებ თავში გამიელვა დათა თუთაშხიას დიალოგმა, ბონია მეწისქვილესთან: არ ღირდეს იქნება…

მივყვები პროტოკოლს, განვუმარტავ შესაძლო გართულებებზე და კატეგორიული უარი. დამძიმებული ვეშვები კიბეებზე და ამ დროს ზარი შემოდის კორპორატიულ ტელეფონზე – ჰოსპიტალიზაციის მენეჯერია (ჰოი საოცრებავ): ექიმო, რა მდგომარეობა გაქვს, ხომ შეძლებთ შესაბამის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, პაციენტის მართვას, მე უკვე ინტენსიურ განყოფილებაში ამ პაციენტისთვის ადგილი გამზადებული მაქვს. – დიდი მადლობა ქალბატონო, მაგრამ მე მოვრჩი, გამოვედი მისამართიდან. – როგორ? როგორ დატოვეთ პაციენტი, მე ქვეყანა შევძარი და ადგილი მზადაა.

ხმაცრემლიანმა ავუხსენი მდგომარეობა: პაციენტი კატეგორიულ უარზეა და ეს მისი უფლებაა (არ ვიცი, ვინ იყო მენეჯერი, მაგრამ უღრმესი მადლობა მას, ასეთი რეაგირებისთვის). ხანგრძლივი პაუზა ტელეფონზე, – დაუჯერებელია, რას ამბობთ? – კი, ქალბატონო, ეს ასეა.

წარმოუდგენელი ისტორიაა ჩემთვის…

ჯანმრთელობას გისურვებთ, ძიაკაცო… თქვენ ჩემს თვალწინ ყველაზე მთავარი დაამარცხეთ, კაცობრიობის ისტორიაში: სიკვდილის შიში. აღფრთოვანებული ვარ, თქვენი ხედვებით სამედიცინო პერსონალის მიმართ და ჩემს ისტორიაში ჩაეწერეთ N1 პაციენტად… თქვენთვის საზღვრები არ არსებობს.

და ეს პაციენტი ყაზბეგელი იყო… ეს შემთხვევითი არაა ალბათ. შემდგომი ზარი ტელეფონზე, გადართვა ინიციატორთან და დაუსრულებლად: სად ხართ, რას აკეთებთ ამდენი ხანი?

112-ის ბრიგადები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვუძღვნი ჩემს ინფიცირებულ მეგობრებს, წარმატებულ დღეებსა და გამოჯანმრთელებას გისურვებთ კოლეგებო. ეს ომია, ომი და ჩვენ ამ ომს მოვიგებთ!“ – წერს ექიმი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია