fbpx

შარლ მიშელის 5 მცნება არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ ლამის ყველა მოქალაქემ ისწავლა ზეპირად-ნანა კაკაბაძე

უფლებამდცველი ნანა კაკაბაძე-„უახლესი აღთქმა“ (ანუ შარლ მიშელის 5 მცნება)ყველა რელიგიას გააჩნია თავისი წმინდა წიგნი, რომელში გადმოცემული დოგმების და მცნებების წინააღმდეგ წასვლა დიდ მკრეხელობად ითვლება ჭეშმარიტი მორწმუნისთვის. მაგალითად, ნებისმიერი მორწმუნე ქრისტიანისთვის უცილობლად შესასრულებელია სახარების 10 მცნება და უდავო ჭეშმარიტებაა ახალი აღთქმის დოგმები, ჭეშმარიტი კომუნისტისათვის ასეთ ხელშეუხებელ ჭეშმარიტებას წარმოადგენდნენ მარქსისა და ლენინი იდეები, რომელიც მათ რელიგიას წარმოადგენდა. საკმარისი იყო რომელიმე კომუნისტს ნებისმიერ საკითხზე კამათისას არგუმენტად ლენინის რომელიმე თეზისი მოეტანა, რომ ოპონენტი მყისიერად განიარაღებული და დამარცხებული იყო, თუ იგი ისეთივე წონად საპირისპირო არგუმენტს არ მოიტანდა ლენინის რომელიმე სხვა თხზულებიდან.დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრის ახალ სახარებად, „უახლეს აღთქმად“ იქცა შარლ მიშელის დანატოვარი 5 მცნება, რომელზეც პოლიტიკური ოპონენტები გამუდმებით აპელირებენ კამათის დროს. ხშირად იქმნება ისეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია, როდესაც ერთი ან მეორე მხრიდან გვესმის ასეთი ფრაზები: „ეგ არ წერია შარლ მიშელის დოკუმენტში“, „შარლ მიშელმა ამ ფრაზაში ეს იგულისხმა და არა ის“, „ამით თქვენ უპირისპირდებით შარლ მიშელის დოკუმენტს“, „როგორ, შარლ მიშელმა ასე დაგვიბარა და თქვენ სხვანაირად რატომ იქცევით?“ და ა. შ. და ა. შ შარლ მიშელის 5 მცნება არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ ლამის საქართველოს ყველა მოქალაქემ ისწავლა ზეპირად. მომავალ სასწავლო წელს მას ალბათ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც შეიტანენ, მაგრამ სანამ გვიან არ არის (ანუ სანამ შარლ მიშელი ცოცხალია), საჭირო იქნება ავტორისეული ახსნა-განმარტებებიც (ანუ ე. წ. „განმარტებითი ბარათი“) დაერთოს ამ დოკუმენტს, რათა მეცნიერ-მკვლევარებს გაუადვილდეთ ამ 5 მცნების სიდიადის გაშიფვრა და ისევე როგორც კომუნისტურ ეპოქაში ათასობით მარქსისტლენინელმა მეცნიერმა დაიცვეს დისერტაციები ბელადების მოძღვრების სიღრმისეულ ანალიზში და ინტერპრეტაციებში, ასევე შარლ მიშელის „უახლესი აღთქმა“ უნდა იყოს სწორად ინტერპრეტირებული პოლიტიკოსების, ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და ჟჟჟჟუუუურნალისტების მიერ. მაგალითად, არ უნდა იყოს სხვადასხვა ინტერპრეტაცია ისეთ მნიშვნელოვან მცნებაზე, როგორიცაა „20 ივნისის ამნისტია“, ან მსოფლიო მნიშვნელობის ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა ევროკავშირის გირაოთი ნიკა მელიას გათავისუფლების საკრალური აქტი, თავად ნიკა მელიას მიერ თავისუფლების სამსხვერპლოზე მიტანილი „გმირობის“ (77-დღიანი „მარტვილობის“) სათანადო შეფასება, ენმ-ს პარლამენტში შესვლაარშესვლა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა და ა. შ. სასწრაფოდ უნდა შევევედროთ „უახლესი აღთქმის“ შემქმნელ შარლ მიშელს, რომ მოგვცეს საკუთარი ინტერპრეტაციები და ახსნა-განმატებები მის მიერ შექმნილი უახლესი რელიგიის იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც 5 მცნებიდან გამომდინარეობს. სანამ ქართული პოლიტიკური ელიტის და ე. წ. „ექსპერტ-ანალიტიკოსებისა“ და „ჟურნალისტების“ მიერ უტყუარად არ გადაწყდება ამ 5 მცნების „დოგმებად“ აღიარების საკითხი, მანამ მსოფლიო პოლიტიკის ყველა საკითხი მეორე პლანზე იქნება გადაწეული. მოგეხსენებათ, „დოგმა“ ნიშნავს ისეთ დებულებას, რომელსაც მიიჩნევენ ურყევ, უტყუარ ჭეშმარიტებად ყველა დროისა და ისტორიული პირობებისათვის. ამიტომ ქართულ პოლიტიკური ელიტას თავის ე. წ. „ექსპერტ-ანალიტიკოსებიან-ჟურნალისტებიანად“ მოვუწოდებთ, რომ სასწრაფოდ აქციონ შარლ მიშელის უახლესი აღთქმნის 5 მცნება დოგმებად, რათა მსოფლიომ გადაჭრილად ჩათვალოს ეს ფუნდამენტური პრობლემა და ბოლოს და ბოლოს მოიცალოს პანდემიის, ისრაელ-პალესტინის და რუსეთ-უკრაინის ომების, ბირთვული განიარაღების თუ სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. ვაი ჩვენს პატრონს…ნანა კაკაᲑაძე-უფლებადამცველი (დისიდენტი-პოლიტპატიმარი) გელა ნიკოლაიშვილი-ადვოკატი (დისიდენტი-პოლიტპატიმარი) ტარიელ ღვინიაშვილი-უფლებადამცველი (დისიდენტი-პოლიტპატიმარი)

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება