fbpx

შალვა პაპუაშვილი: უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი.

„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.
ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება