მნიშვნელოვანია კომპანიამ და თანამშრომლებმა ისაუბრონ, უნდა მოძებნონ საერთო გადაწყვეტა, რომელიც როგორც დასაქმებულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ასევე კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.
„მნიშვნელოვანია კომპანიამ და თანამშრომლებმა ერთმანეთთან სერიოზულად ისაუბრონ, მათ შორის, განწყობილნი იყვნენ შეთანხმებისთვის. ჩვენ ვნახეთ შეთავაზება კომპანიის მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც კომპანიას აქვს, რადგან კომპანიაში ორი მნიშვნელოვანი მხარეა, ერთი არის დამსაქმებლები, მაგრამ ასევე არის თავად კომპანია, ვინაიდან, თუ კომპანიას არ შეუძლია აწიოს, გაუმკლავდეს ვალდებულებებს, საბოლოო ჯამში ზარალდება ისევ დასაქმებული. ამიტომ უნდა მოძებნონ საერთო გადაწყვეტა, რომელიც როგორც დასაქმებულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ასევე კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში იქნება და იყო შეთავაზებები. არის ბევრი დეტალი, რასაც უნდა განხილვა და მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელი დიალოგი ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაც საბაზისოა და აქ რთულია საუბარი კომპრომისებზე, როცა საუბარია შრომის უსაფრთხოებაზე. ეს არის პასუხისმგებლობის და ვალდებულების საკითხი და ეს კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, უბრალოდ იქ სხვა დეტალებიც არის, ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ა.შ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.