fbpx

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ-სალომე ზურაბიშვილი

არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში… ეს იმ დროს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას, – ამის შესახებ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე ფიქრობს და არც სამართლიან არჩევნებზე, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე.

„სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება. მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც ხალხს დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. დღეს, კომენტარები არა პარტიიდან, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან უნდა მოდიოდეს, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არცერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენს საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არცერთი პასუხისმგებელი ადამიანი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. მჯერა, ეს დრო არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩასა თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია