fbpx

„ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები-მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუჯა მდინარაძემ განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიარეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები.

„საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. “ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები, გავმართეთ დისკუსია, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და მუშაობას გააგრძელებენ. ხვდებით, რომ საუბარია „გირჩზე“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, რაც იყო როგორც საჯაროდ ასევე პირად საუბრებში.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ ამ პოზიციას და პირობას, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს მათი პოზიციაც იცოდეს ამ საკითხზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება