fbpx



უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ლენტეხს, მელეს, სადაც ინფიცირებულის კონტაქტი დასტურდება-ჯამბუ ავალიანი,პროფესორი

ჯამბუ ავალიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს: იმერეთის გუბერნატორს, ქუთაისის მერიას, სასწავლო-შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს! ძვირფასო ქუთათურებო! უხილავმა მტერმა და ვერაგმა ვირუსმა შეაღწია და უტევს ჩვენი და ყელა თქვენგანისთვის წმინდასა და სარკასტურს-მთას, ლენტეხის მუნიციპალიტეტს! იცით, ისედაც შეჭივრებულ რეგიონში, კორონა დადასტურდა, რომლის კონტაქტები, როგორც ამბობენ, მთელ რაიონს მოიცავს. განსაკუთრებით უჭირს ჩემს პატარა, კოპწია სოფელს-, მელეს, სადაც, ადგილობრივების გარდა, მრავლად არიან ბარიდან, “კორონასგან გაქცეული” ოჯახები- ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები(განსაკუთრებული პრობლემა ექმნებათ ც-ჰეპატიტიანებს). აქამდე ვწვდებოდით, შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით, მაგრამ ამჯერად, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის ეს შეუძლებელია….უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ლენტეხს, მელეს, სადაც ინფიცირებულის კონტაქტი დასტურდება!!! ქუთაისისა და ქუთაისლებისადმი ჩემი თხოვნა და მიმართვა შემთხვევითი არ არის. ქუთაისი ყოველთვის იყო მთელი დასავლეთ საქართველოს შემწე, მასპინძელი ქალაქი, გვერდით ედგა ამერ-იმერს, მწყურვალს შეიფარებდა, გზად დამდგარ მგზავრს ღამეს გაათევინებდა და შემდეგ კეთილად გაისტუმრებდა. ისტორიულად ერგო ეს მისია კოლხეთის უძველეს ქალაქს! სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო ოდითგანვე ღვიძლად მიუჩნევია სავარდო ქუთაისს, ძუძუმტეებად გაუხდია და გულის კარიც გაუხსნია.

ქუთაისი წმინდა ადგილად იყო მიჩნეული თითეული ჩვენგანისთვის, ყველა სვანისთვის. ქუთაისი იყო ქალაქის პირველი ხილვა, პირველი სიყვარული…მახსოვს, მრავალსულიანი ოჯახის(ცხრა და-ძმის) მახვში, ჩემი გმირი მამა გვეტყოდა: “კარგად თუ ისწავლით, მამა, ქუთაისს წაგიყვანთ, ნასწავლი კაცები დადგებითო…”;

სურსათ-სანოვაგე, ჩასაცმელ- დასახური თუ შემოგვაკლდებოდა, ისევ ქუთაისით გვამშვიდებდა ჯალაბს:-ნუ გეშინით, შვილებო, წავალ ქუთაისს და ყველაფერს ჩამოგიტანთ,…ქუთაისი იყო ჩვენთვის დიდი მოლოდინი, სიხარული…ჩვენი მამები, დედები, პაპები…ფეხით, მხრებდამძიმებული გაუდგებოდნენ ქუთაისისკენ გზას და, არ იღლებოდნენ, უხაროდათ, რადგანაც მიდიოდნენ მარჩენალ ქალაქში,თბილ და ტკბილ ქუთათურებთან , აქიდან შინ დაბრუნებულნი კი პირველად ” გმირი და ზრდილი იმერის” სადღეგრძელოს შესვამდნენ და “ჯგირააგს” სიკეთის, სიყვარულის, სიცოცხლის მარადიულობასაც შეავედრებდნენ. . ასე იყო, ასე არის და ასე იქნება!

პ. ს. ლირიკისა და სენტიმენტების ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ , ჩემდა უნებურად, თვალი გამექცა არქივისკენ, სადაც ვნახე ჩემი და ჩვენთვის ძვირფასი, დამსახურებული პედაგოგის ციალა ჯაფარიძის სამადლობელი წერილი “გმადლობთ, ქუთაისო!, რომელიც 1987 წლის იანვარში, მთაში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას შეეხებოდა( მაშინაც ყველაზე მეტად დაზარალდა ჩემი მელე, ბედის ირონია-ისტორია მეორდება). წერილი ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ბატონმა ალეკო შენგელიამ, გაზეთის პირველ გვერდზე გაუშვა…

ის სანატრელი გამოხმაურებაც მახსოვს, რაც “საზიზღარმა’ , “კაცთმოძულე” კომუნისტებმა გამოხატეს – მეორე დღესვე გამომგვიყვეს სპეციალური ვეტმფრენი, დაგვიტვირთეს პროდუქტებით და რამდენიმე ჟურნალისტის თანხმლებით (ცხადია, ბატონი ალეკოს დამსახურებით), ჩემი სოფლისა და ღრმად მოხუცი დედის სანახავად გამამგზავრეს….მჯერა, ახლაც ასე იქნება!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია