fbpx

ტურიზმის სექტორი – უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას

ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი.
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
„პირველად ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ITB China 2024-ზე წარდგენა, რადგან ბოლო პერიოდში, ჩვენს სასტუმროში, აქტიურად შეინიშნება ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები. ამას ხელს უწყობს უვიზო რეჟიმის გააქტიურება და ველოდებით უფრო მეტ ტურისტს ჩინეთიდან, რაც ქვეყანას ძალიან წაადგება“,-ამბობს სასტუმრო პულმანის წარმომადგენელი ანა ჩოხელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, გამოვარჩევდი ITB Belin-სა და ITB China-ს გამოფენებს. უკვე დაიწყო უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები სრულდება ურუმჩიდან თბილისკენ და როგორც ვიცი იგეგმება სიხშირეების ზრდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ბაზრისთვის. ჩინეთის მოსახლეობა მილიარდ ნახევარია და დიდი ტურისტული ბაზარია, ვცდილობთ მეტი კონტაქტი გვქონდეს და მეტი ურთიერთობა დავამყაროთ“,-აცხადებს კომპანია ვიესის დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე.

„დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ტურისტია საჭირო საქართველოში და ამ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს. უვიზო რეჟიმი უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შევეცდებით ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ“,-განაცხადა ჯორჯიან ჰოლიდეის წარმომადგენელმა ლალი გიგაურმა.

„ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა და პოტენციურად მზარდია საქართველოსთვის. ეს გამოფენა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესია, სადაც შეიძლება საქართველოს წარდგენა, სერვისებისა და პროდუქტების რეკლამირება, რასაც საქართველო სთავაზობს სტუმრებს. უვიზო მიმოსვლა კარგი შესაძლებლობაა ჩინელმა ტურისტებმა იმოგზაურონ საქართველოში. იმედი მაქვს ეს გამოფენა წარმატებული იქნება და ჩვენ დიდ ტურისტულ ნაკადებს მივიღებთ საქართველოში“,- ამბობს კავკასუს თრეველის წარმომადგენელი გვანცა რაზმაძე.

„ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ITB China 2024-ზე. პანდემიამდე აქტიურად ვთანამშრომლობდით ჩინეთის ბაზართან და გვსურს განახლდეს ეს ურთიერთობები და დაუბრუნდეს იმ ნიშნულს. საინტერესო შეხვედრები გვქონდა, იმედი გვაქვს ნელ-ნელა კიდევ უფრო გააქტიურდება თანამშრომლობა. ხელს გვიწყობს ის ფაქტი, რომ პირდაპირი ფრენები გვაქვს, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა. იმედი გვაქვს წარმატებული გამოფენა გამოდგება“,-აცხადებს სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.

„ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ფრენების სიხშირე საქართველოსა და ჩინეთს შორის. ვფიქრობ ეს პლატფორმა დაგვეხმარება ტურისტების მოზიდვაში“,-განაცხადა ჯორჯიან დესთინეიშენ მენეჯმენტის წარმომადგენელმა ნინო ჭილაძემ.

„უვიზო მიმოსვლა მოტივაციას აძლევს ჩინელ ტურისტებს საქართველოს ეწვიონ, ბევრ ქვეყანაში სჭირდებათ ვიზა და ჩვენს შემთხვევაში ეს დიდი პლუსია. ასევე პირდაპირი ფრენები ურუმჩიდან, რომელიც ყოველდღე სრულდება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ყველაზე შორი წერტილიდან საქართველო ტურისტი 8-9 საათშია, ესეც კარგი პირობაა საქართველოში მოვიზიდოთ ტურისტები ჩინეთიდან“,-განაცხადა ჯორჯიან ბასის წარმომადგენელმა შალვა ხუციშვილმა.
შანხაის სამ დღიან ტურისტულ გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება