წელს დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა
ორბელიანის დაბადებიდან 365 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, სოფელ
ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში, სახალხო
დღესასწაული „საბაობა 2023“ მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე ეკლესიაში
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, სულხან-საბა ორბელიანის სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. სახალხო დღესასწაულის სტუმრებს შესაძლებლობა
ჰქონდათ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების
კონცერტს დასწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის
იგავ-არაკებზე შექმნილი ანიმაციური ფილმის პრემიერაც შედგა.
„საბაობა 2023“-ის ფარგლებში, ასევე მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების
გამოფენა, ეროვნული სამოსის გამოფენა-პერფორმანსი, სახალხო დღესასწაული კი ჯგუფი
„შერეკილების” კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და დმანისის
მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი ესწრებოდნენ.
„სოფელ ტანძიაში სახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2023“ აღვნიშნეთ. წელს საბას
დაბადებიდან 365 წელი სრულდება და მოხარული ვარ, რომ ამ თარიღს ასე მასშტაბურად
ვეხმიანებით. სულხან-საბა ორბელიანია ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და იდეოლოგიური რაკურსი. ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ,
საბა იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც შეეცადა ევროპაში ჩვენი ისტორიული და
კულტურული ადგილი დაგვებრუნებინა. დღეს ჩვენ ერთგვარად საბას გზას გავდივართ და
თანდათან ვიმკვიდრებთ ადგილს იმ სივრცეში, რომელიც ქართული იდენტობის
განუყოფელი ნაწილია. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროპასთან, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ხდება სულხან-საბა ორბელიანი, როგორც საზოგადო მოღვაწე და
შემოქმედი. გილოცავთ ,,საბაობას!“ ვისურვებდი არასდროს დაგვევიწყებინოს საბას
იდეალები და თითოეულ ჩვენგანს მასავით გვეზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“
- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.