fbpx

სომხეთში უარყოფენ რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე იერიშის მიტანა სცადეს

სომხეთში უარყოფენ აზერბაიჯანის ბრალდებას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე იერიშის მიტანა სცადეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, თუმცა, განურჩევლად ადგილმდებარეობისა, ყველა ის ობიექტი და მიზანი, საიდანაც არცახის [ყარაბაღის] მიმართულებით ცეცხლი გაიხსნება, განადგურდება”, — აღნიშნა სტეპანიანმა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ სომხეთის არმიამ დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს ცხრა საათზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ისინი აცხადებენ, აზერბაიჯანის ქმედებების შედეგად, იერიში მათ თავიდან აიცილეს.

ერთ კვირაზე მეტია მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. 27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულებზე. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხრიდან გარდაცვლილია 300-მდე, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაჭრილია 1 000-მდე მოქალაქე.

საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მომხდარში მხოლოდ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში ჩართულია თურქული არმიაც, რასაც აზერბაიჯანსა და თურქეთში უარყოფენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია