fbpx

სოზარ სუბარი: ეს შეკრება არ არის ერთი კონკრეტული კანონის გამო, თუნდაც ის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს, არამედ, ეს არის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის

„1987 წლიდან მოყოლებული, მგონი, არც ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია, არა მარტო რუსთაველზე, არამედ – რაც კი თბილისში ტარდებოდა, მაგრამ ამდენი ხალხი არ მინახავს 2012 წელსაც კი, როდესაც ძალიან დიდი შეკრება ჩავატარეთ.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე ყოფნისას.

მისი თქმით, დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე აფიქსირებს თავის პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

„ეს შეკრება არ არის ერთი კონკრეტული კანონის გამო, თუნდაც ის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კანონი იყოს. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის ბრძოლა, ანუ იმისთვის, რისთვისაც ვიბრძოდით და რუსთაველზე ვიდექით 90-იანი წლებში. დღესაც იგივე ბრძოლაა. დღესაც ვამბობთ, რომ საქართველო არ არის კოლონია, არამედ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ღირსებით მიდის ევროპაში და იქნება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ეს ხალხი სწორედ ამისთვის დგას რუსთაველზე.

ჩვენ არავის მითითებებით არ ვიცხოვრებთ – არ ვართ ის ქვეყანა. ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ყოველთვის იყოს დაცული. ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს რომელიმე სხვა ქვეყნისგან განსხვავებული უფლებები აქვს. ნურავინ იფიქრებს, რომ რომელიმე ქვეყანა იუპიტერია, საქართველო კი – ხარი, იმ ძველი ლათინური გამოთქმის არ იყოს – „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.

დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე აფიქსირებს თავის პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ის პოლიტიკანები კი, რომლებიც ამ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ და თავს უფლებას აძლევენ, ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკონ, გამოდიან და ამდენ ხალხს ბიომასას უწოდებენ, ისინი ამით თავიანთ თავს აყენებენ შეურაცხყოფას. სწორედ ეს ხალხი, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, მათ პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს, როცა მართლა ისტორიის სანაგვეზე მიუჩენს ადგილს. ეს იქნება ქართველი ხალხის პასუხი.

1987 წლიდან მოყოლებული, მგონი, არც ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია, არა მარტო რუსთაველზე, არამედ – რაც კი თბილისში ტარდებოდა, მაგრამ ამდენი ხალხი არ მინახავს 2012 წელსაც კი, როდესაც ძალიან დიდი შეკრება ჩავატარეთ.

საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველოს გზა არის სუვერენიტეტის დაცვისკენ და საქართველოს მომავალია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ასე გამთლიანებულები შევალთ ევროპაში.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება