სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მაღალმთიან ადგილებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან ლადო ზაქრაძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და მერის წარმომადგენელთან ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში გივი სიხარულიძესთან ერთად დღეს გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში – ზემო ტოლებში ტელეფისის ციხის მიმართულებით, ბეტონის საფარი სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება. აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.
ტელეფისის ციხე ისტორიული მდებარეობიდან გამომდინარე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.
დავით ბახტაძე – ,,ტელეფისის ისტორიულ ციხესთან არმირებული ბეტონის გზა იგება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის დაგებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტელეფისის ციხის მისადგომებამდე გზის მოწყობა განაპირობებს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლის უზრუნველყოფას.”
სამტრედიაში ამ ეტაპზე, 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის 31 პროექტი გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს.