fbpx

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში

მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ქვემო ქართლის თითოეული კუთხიდან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს, სომხებს, სხვა ეროვნების ჩვენს თანამოქალაქეებს,

მივესალმები ჩვენს დელეგატებს ქვემო ქართლში – ირაკლი შატაკიშვილს, ზაურ დარგალს და დავით შერაზადიშვილს.

ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა. არჩევნებთან ერთად, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა, საზოგადოების მორალური გადაგვარება ან ტრადიციული ფასეულობები, ბნელ წარსულში დაბრუნება ან საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონის გამორჩეულად ღირსეული მოსახლეობა 26 ოქტომბერს ხმამაღლა ეტყვის არას ომს, ამორალურ პროპაგანდას და ბნელ წარსულს და აირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.

საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელ წარსულს. ყველას გახსოვთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას უსამშობლო ადამიანების ჯგუფი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ ადამიანებმა თავი დაგვამახსოვრეს სისხლიანი ავტორიტარიზმით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის ტერორით, ტელევიზიების მიტაცებით, საქართველოს ისტორიული რეგიონების დაკარგვით და მრავალი სხვა დანაშაულით, რომლებზეც მათ პასუხი ჯერ სრულად არ უგიათ.

დაუსჯელობის გამო, ისინი 12 წლის მანძილზე ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს და არ ასვენებდნენ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს.

2012 წელს ავტორიტარული რეჟიმი წარსულს ჩააბარა ადამიანმა, რომელიც მას შემდეგ ქვეყანაში მშვიდობის, დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური წინსვლის მთავარი გარანტია. ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის უმთავრესი შედეგები:

–          წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა;

–          თავისუფალია ბიზნესი და მედია პლურალიზმი;

–          ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა უცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება მართავს;

–          28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა;

–          მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით, ხოლო ქვეყნის  ბიუჯეტი კი – 10 მილიარდი ლარით გაიზარდა;

–          ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სამჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

–          რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;

–          ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რითაც ქვემო ქართლის მოსახლეობა განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობს;

–          ქვეყნის მასშტაბით 2012 წლიდან დღემდე განახევრდა უმუშევრობა;

–          680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, როდესაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ძალაუფლება 1 120 000 მოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 440 000-მდე, თუმცა სიღარიბის განულება არის ის, რითაც უნდა ვიყოთ დაკავებულები შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა;

–          „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც  ქვეყანას ომი არ ჰქონია, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ 12 წლიანი მშვიდობა;

–          საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა ხელშესახები შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში.

მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვითარების არსებული ტემპის პირობებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს, ეს ყველაფერი შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობასა და სიღარიბეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად, 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო საქართველო!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება