fbpx

რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს-გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. მან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაავალა.

ვოლსკის შეფასებით, ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვაა.

“ამასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე შეფასება მაქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის დათმობითი პოზიცია რუსეთისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური შეხსენების იგნორირება, ის, რომ ხელი შეუწყვეს აგრესიას, ის, რომ გაუფორმეს ამ აგრესორებს მართებულობა ხელმოწერით საერთაშორისო დონეზე, ის, რომ სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს, დღეს კიდევ ეს პოლიტიკა თავს გვახსენებს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახით და ასპექტით, ეს არის ე.წ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა. ეს არის ის თემა, რომლითაც სპეკულირება თუ ვინმეს შეუძლია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი “კლასტერი”. ის არის დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შედეგი მოგვცა ის, რასაც ვუყურებთ ამ გრძელვადიანი უკანონობის პროცესს. დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც უკანონობა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ გაყოფილ ევროპას ეხება, ეს უკანონობა ადრე თუ გვიან დასრულდება. ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, შესრულდება”,-განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, მან უპასუხა, რომ სიტყვა “პროვოკაცია” უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია”.

“რასაკვირველია, პროვოკაცია და აგრესიაა. სიტყვა “პროვოკაცია” უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია. სწორედ ეს არის პროვოკაციაც, უკანონობაც და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა. სწორედ ამის საშუალება მისმა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. პრობლემაა კიდევ ის, რომ ამ ძალას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები და თავისი რუპორი მედიასაშუალებები, აქედან გამომდინარე, კიდევ ქმნიან აჟიოტაჟს, როდესაც საერთოდ გაჩუმებულები უნდა იყვნენ და ალბათ, უნდა ინანიებდნენ იმ ცოდვებს, რომელიც ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინეს”,-აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. “საზღვრის” საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება