სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტია, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა – როდესაც ის ხდებოდა პრეზიდენტი, ქართველი ხალხი ენდო „ქართულ ოცნებას“, რომ ის იქნებოდა მიუკერძოებელი ლიდერი. სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპირო მივიღეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად დაკარგა რელევანტურობა, საკუთარი აქტუალურობის შესანარჩუნებლად კი ის წავიდა რადიკალური ოპოზიციის წიაღში. სალომე ზურაბიშვილს დღესაც არა აქვს გაცხადებული, იმსახურებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ადამიანი და მით უმეტეს პოლიტიკოსი, თუ ვერ აფასებ და ვერ ხედავ იმ პროგრესს, რომელსაც შენმა ქვეყანამ მიაღწია, ეს პრაქტიკულად დასტურია იმის, რომ თავიდან ბოლომდე ხარ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.