fbpx

თედო ისაკაძე ქ. თბილისის ჭავჭავაძის პროსპექტის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ.

ქ.თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო პოლიტიკის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ჭავჭავაძის პროსპექტის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ წერს :

– კამათს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი მოქალაქის შეუვალი უფლებაა გამოთქვას აზრი, მათ შორის კრიტიკული, ნებისმიერ საკითხზე, მითუფრო თემაზე, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, თუმცა…

დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, ითვალისწინებს ასეთ იერარქიას – ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი, კერძო ავტომობილები, დაღმავლობის პრინციპით.

ეს სიახლე, მესმის, ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო კერძო ავტომობილების მფლობელთათვის, მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ მიდგომა თბილისური ნოუ-ჰაუ არ გახლავთ, ასე ვითარდება ყველა ცივილიზებული ქალაქის სატრანსპორტო შემადგენელი.

ბევრისათვის უცნობია ის ფაქტიც, რომ თბილისის სატრანსპორტო მასტერ-პლანიც არ გახლავთ მერიის ახირება, იგი ავტორიტეტული ფრანგული კომპანია SYSTRA მდგრადი ურბანული მობილობის კუთხით თბილისზე მრავალწლიანი დაკვირვების პროდუქტია.

კომპანია SYSTRA 1957 წლიდან არსებობს და ავტორია ისეთი ქალაქების სატრანსპორტო სქემებისა, როგორიცაა – ნიუ-იორკი, ჰონ-კონგი, დელი, მარსელი და სხვა. ავტორია საგზაო-სარკინიგზო სატრანსპორტო სქემისა ბრაზილიაში, კალიფორნიის ხიდებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტრუქტურისა, აქვს საკონსულტაციო ბიუროები 50-ზე მეტ ქვეყანაში.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ჩვენი, სატრანსპორტო სისტემებში საყოველთაო განსწავლულობის მიუხედავად, ამ კომპანიის გამოცდილება, იმსახურებს იმას, რომ უფრო მეტი მოთმინებით დაველოდოთ ამ სქემის ამოქმედების შედეგებს. მით უფრო, რომ ჭავჭავაძის პროსპექტი ქალაქის ახალი სატრანსპორტო სისტემის დიდი პაზლის მხოლოდ ერთი პატარა სეგმენტია.

ელემენტარული ობიექტურობაა საჭირო იმის წარმოსადგენად, რომ ანალოგიური სქემის ამუშავება, სხვა მონაკვეთებზეც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ხარისხსა და სიჩქარეს და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველს გახდის მას.

არ მოგვწონს საცობები, დაბინძურებული ჰაერი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მანქანებით ჩახერგილი ტროტუარები. ყველა ამ პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი, უბრალოდ თანმიმდევრულობაა საჭირო და დრო, პირველ რიგში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება.

არც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ ქაღალდზე არსებული პროექტს პრაქტიკაში გადატანისას გარკვეული კორექციები დაჭირდება.

გულშემატკივრების საპასუხოდ კი, რაღა არჩევნების წინ გინდებათ არაპოპულარული ნაბიჯებიო, ვიტყვი – ჩვენს ქვეყანაში არჩევნები თითქმის ყოველ წელს არის და პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების გზა, პოპულიზმს არ უნდა გადააყოლოს.

ყველაფერი კარგად იქნება!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება