fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმოს დირექტორს ვაქცინის შესახებ ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან ტელეფონით ისაუბრა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს დირექტორმა სატელეფონო საუბრისას პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებას, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით ისაუბრეს.

,,ყურადღება გამახვილდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყანაში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება