Mrbee

პრემიერი-ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები – 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები | xnews.ge

პრემიერი-ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები – 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები

ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები – 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე ევრორეკომენდაცია, რომელზეც მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს.

„მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს. მინდა მას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახად გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით. ამას ძალიან ვაფასებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ, გასულ წელს, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

მინდა ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო მადლიერება, ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ასევე, კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია, მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, მას შემდეგ, რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო გასწიეს.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა სამუშაო იქნა გაწეული. პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც. კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე მოვიწვიეთ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, მეტიც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაფიქსირდა სისტემატური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და მეტიც, ვფიქრობ, ამ პროცესისთვის დამაზიანებელი იყო. ამის მიუხედავად საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო, 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია, ამაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. პირადად მქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, არ მივიღეთ კანონი, ამის ნაცვლად ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ძალიან მალე, 1-2 კვირაში, მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას. რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, რომ გამხდარიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა. ნდობა სასამართლოს მიმართ საქართველოში მაღალია და ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამას გარდა ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიისგან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბერში. ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება