საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთის
ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2024 მიიღო მონაწილეობა. 3 დღიანი გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდს მრავალი ვიზიტორი ეწვია.
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას საფრანგეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან ტურიზმის პროფესიონალები, ტუროპერატორები და მედიის
წარმომადგენლები გაეცნენ.
საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად გამოფენაზე სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში. პარიზის გამოფენა ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გამოფენაა ჩვენთვის. წარმოდგენილი ვართ ჩვენი სტენდით, საპრომოციო მასალებით. აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს გაიცნოს ჩვენი
რეგიონის პოტენციალი, დააგემოვნოს ჩვენი ღვინო და ტკბილეული“,-განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დიანა
ნანაძემ.
„იმერეთის რეგიონი აგრძელებს თავის დამკვიდრებას მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. ჩვენ რეგულარულად ვესწრებით ამ გამოფენას. როგორც იცით, ქუთაისს
პარიზთან აკავშირებს პირდაპირი ფრენები, რაც ვფიქრობ, ძალიან დიდი უპირატესობაა ჩვენი რეგიონისათვის და დიდი შესაძლებლობა მივიღოთ უფრო და
უფრო მეტი სტუმარი საფრანგეთიდან“,-აცხადებს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჟანა დანგაძე.
გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ და მედია კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით. ქართული კერძო კომპანიების
წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ბიზნეს კონტაქტები დაემყარებინათ როგორც ფრანგ კოლეგებთან, ასევე სხვადასხვა ევროპული კომპანიების
წარმომადგენლებთან.
„ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა პირველ რიგში ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, ასევე, წარმოაჩენს საქართველოს მრავალმხრივ ტურისტულ
პოტენციალს და შესაბამისად ვიღებთ სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს, ამ შემთხვევაში საფრანგეთიდან“, -აცხადებს კომპანია „კავკასუს თრეველის“
წარმომადგენელი ქეთევან ასპინძელაშვილი.
„საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში, პრაქტიკულად ყოველ წელს გვიწევს ჩამოსვლა და წელს რაც მიხარია და რაც მინდა რომ აღვნიშნო, ძალიან
აქტიურია წინა წლებთან შედარებით, ძალიან ბევრი ვიზიტორია, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები შეგვიძლია რომ შევიძინოთ“,-ამბობს ტურისტული
კომპანია „პრომეთეა ვოიაჟის” დამფუძნებელი, დირექტორი შორენა ნინიაშვილი.
IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 170 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენაში 1400 კომპანია მონაწილეობს. პარიზის გამოფენას 30 ათასზე მეტი
ტურიზმის სფეროს პროფესიონალი სტუმრობს.