fbpx

ოპოზიციამ არჩევნების ღამესვე გადაწყვიტა, რომ ბოიკოტს გამოაცხადებდნენ, ეს ჩემთვის მისაღები არ არის-ვიოლა ფონ კრამონი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან, ჩვენი დახმარება მიიღონ და რომლებიც იქნებიან მზად იმის რეალიზებისთვის, რასაც მათ შევთავაზეთ ფინანსური დახმარების კუთხით, პროექტების კუთხით და ა.შ., – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის საქართველოში იმყოფებოდა და სხვადასხვა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა.

„საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი შეუთანხმებლობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა სხვა რამეს ელოდება. ისინი ელიან გამოსავალს ამ კრიზისიდან, ამ პოლიტიკური არეულობიდან რაც შეიძლება მალე. ოპოზიციის ბოიკოტის გამო თავიდანვე არ ვიყავი კმაყოფილი, ვინაიდან მათ არც კი დაიცადეს ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციებამდე და შეფასებამდე და არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს ბოიკოტირება. ეს ჩემთვის მისაღები არ არის.

მსურს, ვუთხრა ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუკი პარლამენტის გარეთ დარჩებით, თუკი გადაწყვეტთ, რომ წახვალთ რაიმე სახის ქუჩის რევოლუციების გზით, არ გექნება არანაირი დიალოგი, არ ვიმუშავებთ ერთად.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ გვჭირდება, პარტნიორები, კოლეგები, პარლამენტარები პარლამენტში და არა პარლამენტს გარეთ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მიიღონ მანდატები და მუშაობა პარლამენტიდან დაიწყონ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მათ პარლამენტიდან მუშაობის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი პარტნიორები პარლამენტსა და მთავრობაში, რომლებსაც ესმით, როგორ მართონ ქვეყანა,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება