fbpx

ნაციონალური მოძრაობა სრული დეპუტაციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში-სალომე სამადაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში სრული დეპუტაციით იქნება წარმოდგენილი.

სამადაშვილი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ამბობს, რომ დღევანდელმა დღემ საქართველოს ევროპული გზის მიმართულება განსაზღვრა.

“მე რამდენადაც მესმის, ნაციონალური მოძრაობა სრული დეპუტაციით იქნება ასევე წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ, მე ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამე გველოდება… დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო. ხვალ, პრეზიდენტი მიშელი ჩამოდის საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს ევროპული გზის მიმართულება”, – უთხრა სამადაშვილმა ჟურნალისტებს.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

ოპოზიციასა და ფასილიტატორ ელჩებს შორის, შეხვედრა გუშინ 18 მარტს შედგა. მხარეთა შორის შეხვედრას არ ესწრებოდა ქართული ოცნება. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ მათ უკვე მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შექმნილ პირველ დოკუმენტს ხელი და მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდებოდა და არ დაეთანხმებოდნენ დოკუმენტში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ამასთან, ოცნებაში ამბობდნენ, რომ თუ პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა, კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებდნენ. გარდა ამისა, მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ განიხილავენ 40%-იანი ბარიერის გაზრდის შესაძლებლობასაც.

თუმცა, დღეს 19 მარტს ქართულმა ოცნებამ   მზადყოფნა გამოთქვა 43 %-იან ზღვარს დათანხმებოდა და შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება