„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ საქართველოს სანქცირების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნით ბრიუსელში გაგზავნილ წერილს აფასებს. ნანა კაკაბაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ამასთან, რიტორიკულ კითხვას სვამს, საინტერესოა წერილს პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას ნაცვლად ხელს ბერდია სიჭინავა რატომ აწერს? „ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი ბრიუსელში გაგზავნილი ოპოზიციის უსტარი დეიდებო! ბიძიებო! თქვენი მუხლების ჭირიმე, დღე და ღამე ღმერთს ვევედრებით, რომ თქვენდამი მონობის საშუალება გაგვიხანგრძლივოს, მაგრამ ჩვენივე უმადური საზიზღარი პრორუსი მოქალაქეები ხალხს ტვინებს ურევენ, უმტკიცებენ – მონობა ცუდია, დამოუკიდებლობა ჯობიაო. რუსული პროპაგანდით ტვინგამორეცხილი ხალხი კი თქვენდამი ტკბილ მონობაში ყოფნას დამოუკიდებლობას ამჯობინებს და ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც უმცირესობაში ვრჩებით ამ უმადურ ქვეყანაში. არჩევნების შემდეგ თითქმის ერთი თვეა, რკინის ქალამნები ჩავიცვით, ენები გადავიტყავეთ, ქუჩაში ღამეებიც გავათენეთ, მაგრამ რამდენიმე ასეული თანამზრახველის გარდა ვერავინ ავიყოლიეთ. მოკლედ, საითაც გავიქეცით, იქით წავიქეცით. ამიტომ ახლა გეაჯებით თქვენ: მოიღეთ მოწყალება და გადმოგვხედეთ თქვენს მონა-მორჩილებს, დასაჯეთ ეს შეუგნებელი ქართველი ხალხი, რომელსაც არ სურს დაგემონოთ. მართალია, მათი დასჯით დაისჯებიან ჩვენი მომხრეებიც, ვინც მზადაა გემონებოდეთ, მაგრამ თქვენდამი ერთგულებისა და სიყვარულის გამო ჩვენ უდრტვინველად მივიღებთ ამ სასჯელს. რაც შეეხება თქვენთვის მიუღებელ კანონებს, როგორც გვიბრძანებთ, ისე მოვიქცევით. რომელსაც ინებებთ, იმას ვაქცევთ გამჭვირვალედ, რომელსაც არა, იმას გავხდით -გაუმჭვირვალეს. ლგბტ პროპაგანდის დასაშვებობის კანონსაც მივიღებთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ დღევანდელი სექსუალური უმცირესობა სექსუალურ უმრავლესობად ვაქციოთ, ბოლოს და ბოლოს, თუ გვიბრძანებთ, ქალები ქალებზე გავთხოვდებით და კაცები კაცებს მოვიყვანთ ცოლებად. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ბევრს არაფერს გთხოვთ: 1. დაასანქცირეთ ჩვენი უმადური ქვეყანა, 2.გაუუქმეთ უმადურ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია. არ არიან ისინი “სამოთხის ბაღის” ღირსები და ამიტომ დარჩნენ “ჯუნგლებში”(როგორც ჯოზეფ ბორელი იტყოდა). 3.შეუწყვიტეთ ამ ქვეყნის უმადურ ხალხს ანგარიშების გადარიცხვების შესაძლებლობა. 4.გამოაგზავნეთ რევიზორები, რომლებიც, არჩევნების გაყალბებაზე დაწერენ ჩვენთვის მისაღებ დასკვნას. 5.მანამდე აიძულეთ არჩევნებში გამარჯვებულები, რომ არ შეიკრიბონ, რათა არ შედგეს პარლამენტი. 6.ამ უმადური ხელისუფლებისა და ხალხისათვის მისაცემი 120 მილიონი ევრო მოგვეცით ჩვენ, რათა თქვენდამი მონური მსახურების შესაძლებლობები გავიათმაგოთ. წერილს ხელს აწერენ: ნიკა გვარამია, თინათინ ბოკუჩავა, მამუკა ხაზარაძე და ბერდია სიჭინავა. P. S. რიტორიკული შეკითხვა: ნეტა ამ უსტარს პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას ნაცვლად ხელს ბერდია სიჭინავა რატომ აწერს?“-წერს ნანა კაკაბაძე.