fbpx

ნავთობისა და გაზის კორპორაცია უსამძიმრებს პროფესორ თემურ ჯავახიშვილის ოჯახს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თეიმურაზ ჯავახიშვილი.

თეიმურაზ ჯავახიშვილი დაიბადა 1947 წელს.
1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.
1975 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2006 წელს სადოქტორო დისერტაცია სამრეწველო ტრანსპორტის რეჟიმებისა და პარამეტრების ოპტიმიზაციის საკითხზე.
1976 წლიდან, თეიმურაზ ჯავახიშვილი მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი), მათ შორის, 2006 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორების მომზადებაში. იგი არის 150-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა სასწავლო, სამეცნიერო, საპროექტო-ნორმატიული დოკუმენტაცია, მონოგრაფიები, გამოგონებები და სხვა.
ბატონი თემური, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტუ-ს სამთო ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულებას, იყო სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და სამეცნიერო-ტექნიკური „სამთო ჟურნალის“ პასუხისმგებელი რედაქტორი. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომი და სერტიფიკატი.
უკანსკნელი 25 წლის განმავლობაში ბატონი თეიმურაზი აქტიურად იყო ჩართული საინჟინრო-პრაქტიკულ და ექსპერტულ საქმიანობაში. მისი უშუალო ძალისხმევითა და თანამონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ეროვნული საპროექტო-საკონსტრუქტორო კადრების აღზრდასა და სამსახურის ჩამოყალიბება-განვითარებას. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საინჟინრო ტექნიკური დეპარტამენტი, რომელსაც იგი უკანასკნელ წლებში ხელმძღვანელობდა, პროფილის მიხედვით გამორჩეული და მთელ რეგიონშია აღიარებული. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში თამამად გადაერთო მოწინავე, საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და პრაქტიკული გამოცდილების საუკეთესო შედეგების გამოყენებაზე.
თეიმურაზ ჯავახიშვილი სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა პროექტებს, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანია „ჯეოინჟინირინგში“, ენერგოეფექტურობის ცენტრში, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. კორპორაციაში მუშაობის პერიოდში იგი ექსპერტის და პროექტის ავტორის სტატუსით მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორებიცაა: საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია, საქართველოს გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების მრავალწლიანი პროგრამა, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის და საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტები და სხვა. ბატონი თეიმურაზი თავმჯდომარეობდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ „ბუნებრივი გაზის“ ტექნიკურ კომიტეტს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული და სხვა საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიების შემუშავებაში.

აუნაზღაურებელი დანაკლისის წინაშე აღმოჩნდნენ ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, ოჯახი, ახლობლები და მეგობრები, რომელთაც უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი, მზრუნველი პედაგოგი და პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი გამოაკლდათ.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მწუხარებას გამოთქვამს ბატონი თემურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.საააგენტო იქნიუსი უერთდება სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია