დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სამენოვანი წიგნ-ალბომის „ნიკო ფიროსმანი – ცხოვრება და შემოქმედება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მხატვარ თემო ჯაფარიძის შვილი, ლელა ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე და ზაზა ლომინაძე, ასევე, გამომცემლობა ,,სეზან ფაბლიშინგის” დამფუძნებელი შორენა შავერდაშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სამენოვანი (ქართულ-ფრანგულ-ინგლისური) წიგნ-ალბომი გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ ორგანიზებით დაიბეჭდა. ტექსტის ავტორი მხატვარი თემო ჯაფარიძეა. გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგს“ ჯაფარიძეების ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის, ნაშრომი ნიკო ფიროსმანის შესახებ, რომელიც 1999 წელს გამოიცა მცირე ზომის ფორმატით – 80 გვერდიანი კრებულის სახით და დღეს ის უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ნაშრომის უნიკალურობა ის გახლავთ, რომ ავტორი, თავად მხატვარი, საინტერესოდ ჰყვება ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ტექსტი გაჯერებულია საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტებითა და მიგნებებით; გაანალიზებულია ფიროსმანის ცხოვრება და შემოქმედება, მხატვრის როლი და განსაკუთრებულობა, თანამედროვეობისა და ევროპული კულტურის კონტექსტში. საგულისხმოა, რომ ტექსტი ითარგმნა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ინგლისურად თარგმნასა და რედაქტირებაში მონაწილეობდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის პროგრამის სტუდენტები, ლია ჩოკოშვილის თაოსნობით, რომელსაც ქართული ლიტერატურის თარგმნის უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ეს თარგმანიც გამორჩეულია როგორც შინაარსობრივი, ისე მხატვრული თვალსაზრისით. რაც შეეხება ფრანგულ თარგმანს, ის ასევე გამოცდილმა მთარგმნელმა და რედაქტორმა, სოფი ტურნონმა, შეასრულა.
წიგნის შესავალი, რომელიც დაეხმარება წიგნის მკითხველს ისტორიული კონტექსტისა და ფიროსმანის ფენომენის გააზრებაში, ეკუთვნის მთარგმნელ ჯო ბატლერს. წიგნის დიზაინის ავტორია მხატვარი ბესიკ დანელია. პოლიგრაფიული თვალსაზრისით თანამედროვე და ორიგინალური ფორმატის ალბომში გამოყენებულია ფიროსმანის 50-ამდე რეპროდუქცია ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი „ნიკო ფიროსმანი – ცხოვრება და შემოქმედება“ გათვალისწინებულია არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ საერთაშორისო აუდიტორიაზეც არის გათვლილი. ამდენად, ალბომი ქვეყნის გარეთაც ხელს შეუწყობს, როგორც ფიროსმანის, ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას.