fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან უკვე გაისმა ისეთი განცხადებებიც, რომ თუ ევროკავშირში გვსურს, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა მოგვიწევს – ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრობა, ოღონდ, ღირსეულად და არა – სუვერენიტეტის დათმობით

„ის დამოკიდებულებები, [რაც აქციაზე მოვისმინეთ], რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ ქვეყნებს ჰქონდეთ, მაგრამ, განსხვავებული შეხედულებების მქონე ლიდერებიც და ქვეყნებიც არსებობენ ევროკავშირში.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სურს ევროპა, ევროკავშირის წევრობა, ოღონდ – ღირსეულად და არა – სუვერენიტეტის დათმობით.

„ევროპარლამენტში, სულ რაღაც ერთ თვეში, არჩევნებია და ეს დამოკიდებულებები, დარწმუნებული ვარ, შეიცვლება. უკვე გამოჩნდნენ ქვეყნები, რომლებიც სუვერენიტეტზე საუბრობენ და სურთ, ევროკავშირი იყოს იმ ძლიერი ქვეყნების კავშირი, რომელთაც სუვერენიტეტი აქვთ დაცული, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა – ბრიუსელის გადაწყვეტილებით. ჩვენც იმ პარტნიორებთან ვიქნებით, რომლებიც სუვერენიტეტის გაძლიერებით არიან დაინტერესებულნი. ასეთი ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება და არა იმ საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ჩამოვიდა, პირდაპირ, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, წავიდა ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე და ა.შ. უკვე გაისმა ისეთი განცხადებებიც, რომ თუ ევროკავშირში გვსურს, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა მოგვიწევს. შემდეგ, ალბათ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მოგვთხოვენ, იმიტომ, რომ ეს დასჭირდება ბრიუსელს, სხვანაირად ვერ გავწევრიანდებით და ა.შ.

ჩვენს სტუდენტებს მოახვიეს თავს უკვე ის მოსაზრება, რომ თუ ინფორმაციას ისე არ იღებ, როგორც გაწვდიან, აკრიტიკებ და მსჯელობის საგნად აქცევ მას, ე.ი. ევროკავშირში შესვლა არ გინდა. ამ დროს, პირიქით – ჩვენ გვინდა ევროპა, ევროკავშირის წევრობა, ოღონდ – ღირსეულად. არა სუვერენიტეტის დათმობით, არამედ, პირიქით – მისი გაძლიერებით.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება