fbpx

მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი-კახა კალაძე

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„მე მგონია, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ უფრო სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს არ გავრბივარ შუა საქმიდან, ყოველთვის მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. ჩემი წარმატების ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე ამით, ყოველთვის უნდა ეძებო მეტი. იგივეა ჩემს ქალაქთან მიმართებაში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, ბევრი კარგი პროექტი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და მე თბილისელებს ვერ ვეტყვი იმას, რომ ნახეთ ჩვენ რა მაგრები ვართ, რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ. რამდენი კარგიც გავაკეთეთ იმაზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი პრობლემაა დედაქალაქში, რომელსაც სჭირდება მოგვარება, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. 7 თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, ყველაფერს აქვს თავისი დრო და შესაბამისად, საზოგადოება გაიგებს ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია