პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„მე ვკითხავდი ყველას – რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს სანქცია? მიზანი ერთადერთი შეიძლება იყოს, როდესაც სანქციას აწესებ, რომ შენ რაღაც უარყოფითი გავლენა მოახდინო იმ ქვეყანაზე, ვისაც უწესებ. მე ვიკითხავ მაშინ – აქვს საქართველოს ამის შესაძლებლობა? სანქციების დაწესება რუსეთისათვის იქნება უკუშედეგის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის და თუ ვინმეს ეს მიზანი ამოძრავებს, მაშინ ისიც უნდა თქვას ცხადად. ეს მოწოდებები ვისგანაც ისმის, ნამდვილად ვერ ვუწოდებ მათ საქართველოს მეგობრებს. ვერ ვიტყვი, რომ კარგად აცნობიერებენ რა ხდება და რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა. როდესაც ამ საკითხს ზოგიერთები აბამენ კიდევ კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მსგავს საკითხებზე აპელირება და სპეკულაცია არის აბსოლუტურად ზედმეტი და მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, რომ როგორმე ხელი შეეშალოს საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს საგარეო კურსს უწუნებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდი ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრას ასახელებს, ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირისგან მსგავსი მოწოდება არასდროს ყოფილა.