fbpx

მამუკა მდინარაძე: მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს, 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, სირცხვილია როდესაც არჩევნებზე და მის კანონიერებაზე ISFED ლაპარაკობს

ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“, მათი მიზანია, რომ ახლა გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად. დაიმახსოვრეთ კარგად: მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ ვითარება მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ. მდინარაძის განცხადებით, მათი მიზანი ყოველთვის იყო არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება. მისივე თქმით, ISFED-მა 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, შესაბამისად, მისი რეპუტაცია შელახულია და სირცხვილია, ამ ორგანიზაციის მიერ არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ საუბარი. „სხვა პიარ-კამპანია დომინანტი არ იქნება. წინასწარ დაიმახსოვრეთ, გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ ეს იყო აქამდეც მიზანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ, და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი ვინ გამოდის? – ISFED-ი, რომელიც არის მთავარი, უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსენდება და თქვენ თუ იცით გამახსენეთ, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, ამაზე რეპუტაცია წამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს და ის ძრავს ამ საკითხს. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე ლაპარაკობს.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება