fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი

კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან, ჩვენთვის საყურადღებოა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პარლამენტში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი გამორჩეულია.

„დღეს საქართველოს პარლამენტი პირველად მასპინძლობს საპარლამენტო დელეგაციებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისა და დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაერთიანებს, არის მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრები. საქართველომ გასული წლის 14 დეკემბერს მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ისტორიით, კულტურით, იდენტობით და, რა თქმა უნდა, ხალხის ნებით. ამ ისტორიულ მომენტამდე განვლილი გზა არ იყო მარტივი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მისულიყვნენ ამ გადაწყვეტილებამდე და გაეღოთ ევროკავშირის კარი ჩვენთვის. ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ტრანსფორმაცია, ტოტალიტარული მმართველობის ფორმის ჩანაცვლება დემოკრატიული დღის წესრიგით და წარმატებული რეფორმები იქცა მთავარ ქვაკუთხედად ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ამ პროცესში დიდ ყურადღებას ვუთმობთ ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობებს, კავშირებს, თუმცა დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობები. უნდა ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი რთული ისტორიიდან გამომდინარე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ დრომდე საკმაოდ მწირი ურთიერთობები გვაკავშირებს და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ.

დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები, დიდი ხანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან. ბუნებრივია, მათი გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის იდეაც სწორედ ეს არის, მეტი გავიგოთ ერთმანეთის შესახებ, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც საერთო მიზნის, ევროკავშირში წევრობის მიღწევაში დაგვეხმარება.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშე დგანან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება