fbpx



კახა კალაძე: მინდა ვკითხო თბილისელებს, თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის პროექტის განხორციელების შემდეგ, ადამიანების განაწყენება და გაღიზიანება სამართლიანად ესმის, თუმცა მისივე თქმით, საინტერესოა რას გააკეთებდა რიგითი მოქალაქე იმისთვის, რომ დედაქალაქში  არსებული პრობლემები მოეგვარებინა.

„შეიძლება სადღაც რომელიღაც განვითარებულ ქალაქში „საცობის“ პრობლემა გარკვეული პროექტით მოაგვარეს, თუმცა ჩვენ იმას ვერ გადმოვიტანთ, ვერ დავაკოპირებთ. შეუძლებელია ამის გაკეთება. თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე სპეციფიურია, თითოეულ ქუჩას დამუშავება და დაგეგმარება სჭირდება, რაზეც შესაბამისი ექსპერტები და კომპანიები მუშაობენ.

მინდა, არა როგორც ქალაქის მერმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ, დავუსვა იმ ადამიანებს შეკითხვა, ვინც რაღაცით განაწყენდნენ ან გაღიზიანდნენ სამართლიანად. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი და კიდევ ერთხელ მინდა მოგიბოდიშოთ შაბათს მომხდარი შეფერხებისთვის. თუმცა თქვენ, რიგითი თბილისელები, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას გააკეთებდით? აირჩევდით იმას, რომ მოდი, არაფერი გავაკეთოთ, მერე ვიღაცა მოვა და ის მიხედავს, მე თავი რატომ ავიტკივოო? ეს დამოკიდებულება გექნებოდათ  ჩემს ადგილას? მე ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს და არ მინდა ჩემს რომელიმე თანამშრომელს ჰქონდეს. პირიქით, თუ გასაკეთებელია დღეს, გავაკეთოთ იმიტომ, რომ ეს ხვალ წაადგება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა და მის ფარგლებში განხორციელებული თუ განსახორციელებელი ყველა რეფორმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ის ადამიანები კი, ვინც დღეს უკმაყოფილოები არიან, მომავალში თავად დაინახავენ რეფორმის შედეგებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმის სიკეთეებს მოვესწრებით. ის ადამიანები, ვინც დღეს გვლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, მადლობას გადაგვიხდიან. ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩემთვის დედაქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე

„შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერის სტატუსი მიმზიდველი და პრივილეგია იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე,“ – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვიყავი, როდესაც გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, ამის შემდეგ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე, რადგან კარგად მესმის ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება,  ეს პასუხისმგებლობა აგვეღო. ასევე, ჩვენ ვთქვით,  რომ  ვერ ვიქნებოდით ის ადამინები, რომლებიც მხოლოდ გზას დააგებდნენ, ორმოულებს ამოავსებდნენ და ა.შ. არამედ, ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდნენ. შეიძლება ზოგისთვის მტკივნეულს და არაპოპულარულს, მაგრამ ჩვენი ქალაქის, შვილებისა და მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მისმა გუნდმა კონკრეტული ხედვები და ქმედითი ნაბიჯები წარმოადგინა.

„ჩვენ, როდესაც საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, შვიდი ძირითადი მიმართულება წარმოვადგინეთ. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია, ეს იყო კონკრეტული ხედვა,  გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ თბილსიში, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი ერთი და იგივე პრობლემა მოგვეგვარებინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია