დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის
გამზირებზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ
სამართალდამცავები მოქმედებენ კანონის ფარგლებში, ხოლო მათი შეურაცხყოფისა
და კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს.
„ოპოზიცია არ გვყავს ქვეყანაში, სამწუხაროდ. გვყავს რადიკალების და
მარგინალების დაჯგუფება, რომლებიც თავისი არსებობით ხელს უშლიან ქვეყნის
განვითარებას. ყოველთვის ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის გაძლიერებას,
ეკონომიკურ წინსვლას, თუმცა ჩვენ არ მივცემთ ამ ადამიანებს შესაძლებლობას,
ქვეყანა დააზიანონ. რაც შეეხება აქციებს, დღეს სიტყვის და გამოხატვის
თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა,
გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარი არის, ეს იყოს
კანონის ფარგლებში. როგორც კი ვნახავთ კანონის გადაცდომას, ამას, რა თქმა
უნდა, მოჰყვება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.
არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს
პიკეტირება და საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
არსებობს კანონი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება.
როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, მიზანმიმართულად
კეტავ გზებს, მაშინ, როდესაც არ გყავს ხალხის საკმარისი რაოდენობა, ამას, რა თქმა
უნდა, მოჰყვება რეაგირება ყოველთვის. არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა
მიაყენოს პოლიციელს, ვინც არ უნდა იყო. რატომ აყენებ პოლიციელს
შეურაცხყოფას? რატომ აგინებ, რატომ ესვრი რაღაცებს? არ არის ეს სწორი ფორმა
მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო
მისული და მომიტინგეებს მიაწოდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. არ
არის სწორი პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე გამოყო მედიასაშუალებები, რომელთა მიმართ აქციის მონაწილეების
მხრიდან შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა.