2012 წელს, როცა ხაზარაძე და მისი პარტნიორი პარტია „ნაცმოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით, სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 1 100 000 ადამიანი, დღეს ეს მაჩვენებელი 600 000-ზე ნაკლებია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სიღარიბე ქვეყანაში პრაქტიკულად განახევრდა და ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად შემცირდება.„ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. გასულ თვეს გვქონდა 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შემცირდება სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.