გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის, უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და წლიდან წლამდე სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან და პროგრამიდან რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას.
„რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს. გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები, რატომ ხდებოდა გარკეული საგნების მეორე პლანზე გადაწევა, რატომ ხდებოდა კონკრეტული საგნებიდან გარკვეული მასალების ამოღება. ეს ხდებოდა წლიდან წლამდე. ეს პროცესები დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ, სისტემურად. გახსოვთ, ვინ იყვნენ განათლების მინისტრები წინა ხელისუფლების დროს და სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ. ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც. ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართლებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანადე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია. მიზანმიმართულად, წლიდან წლამდე, განსაკუთრებით ისტორიისა და ლიტერატურის მიმართულებით ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა სწორედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული იდენტობის თუ რელიგიური იდენტობის და ა.შ აღქმები. იქ არის კიდევ ინსტიტუციური მომენტები, ყველაფერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ასე იქმნებოდა კომისიები, ამ კომისიებში ხშირად იყო საეჭვო ხალხი, ის საეჭვო ხალხი მერე იღებდა გადაწყვეტილებებს იგივე ასეთი ნაწარმოებების ამოღებაზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სრულად აღსრულდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავამტკიცეთ. ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და შემდეგ მთლიანად სასწავლო პროგრამა თავისი სახელმძღვანელოებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოს ისტორიის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე და ქართული ლიტერატურის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.