კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის დარჩება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო შეინარჩუნებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში.
„არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება და ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა, როცა საქმე ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის დარჩება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ეს დაკავშირებულია, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციასთან, გვაქვს ჩვენი მისწრაფებები და ეს წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული, ამასთან ერთად შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება დაუთმო მეზობელ სახელმწიფოებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების მნიშვნელობას.
„ჩვენს მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და სტრატეგიული პროექტების განხორციელება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამაზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.