fbpx

ირაკლი კობახიძე – პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ, ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება

მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას როგორც აქამდე ეშინოდა დისკუსიაში შესვლა, ასევე ეშინია დღესაც, ვინაიდან სამართლებრივი შენიშვნები არ გააჩნია.

„ჩვენ ვგულისხმობთ უცხოელ პარტნიორებთან დისკუსიას, მე საუბარი მქონდა ევროკავშირთან და ეუთოსთან, ანუ მათთან დისკუსიისთვის ვართ მზად, რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს არის აბსოლუტურად გასაგები – როგორც აქამდე ეშინოდათ მათ დისკუსიაში შემოსვლა, ზუსტად ასევე ეშინიათ დღესაც, იმიტომ, რომ სინამდვილეში კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – წელიწადში ერთხელ ენჯეოების მიერ დეკლარაციის ჩაბარებას, აქ უბრალოდ რა შენიშვნა შეიძლება წარმოადგინონ, მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია. ამიტომ გაურბიან საბოლოო ჯამში თუნდაც ამ ვეტოზე საუბარს. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოვლენილი და ეს ინიციატივაც სწორედ ამის გამოხატულებაა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით. დანარჩენი ვნახოთ. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება. ოპოზიციას რომ აქვს ეს დესტრუქციული დამოკიდებულება, გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან შეუძლებელია რაიმე კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა წარმოადგინო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ კანონი არის კარგი.

„თუ ვინმე მეორე რამეს დამისახელებს, კი ბატონო, მაგრამ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის ის, რომ ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ საკუთარი დეკლარაცია. დანარჩენი ყველაფერი არის ტექნიკური ნორმები, მათ შორის რას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, შემდეგ რა არის სანქცია. ეს არსებითად არის ტექნიკური დანართი, რაც აქვს ძირითად რეგულაციას. ერთადერთი მთავარი რეგულაცია არის ის, რომ წელიწადში ერთხელ წარადგინონ დეკლარაცია, რაც არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დააკმაყოფილოს. ამიტომ, ვერავითარი სამართლებრივი შენიშვნა ვერ იქნება წარმოდგენილი კანონთან დაკავშირებით და სწორედ ამას უკავშირდება ოპოზიციის დესტრუქციული დამოკიდებულება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება