fbpx

ირაკლი კობახიძე- მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ?! უნდათ, არ უნდათ ?კარგად იყვნენ

მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ?! უნდათ. არ უნდათ – კარგად იყვნენ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, მიმდინარეობს თუ არა ფასილიტატორებისგან დამოუკიდებელი მოლაპარაკებები “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან”. ამასთან, კობახიძე იმედოვნებს, რომ ეს ორი პარტია პარლამენტში არ შევა.

“მე იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვებს, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილები”,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ფასილიტატორების გარეშე მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ხუთზე მეტ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს.

“ჩვენ დიპლომატებმა გვთხოვეს ასეთი კონსულტაციების წარმართვა და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. იყო თითქმის ყველა პარტია, ერთი ან ორი პარტიის გამოკლებით, ვისთანაც ასეთი კონსულტაციები არ იმართებოდა. ეს ყველაფერი გაგრძელდება და დაველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი”,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიებიდან რომელიმე პარლამენტში შევიდეს,  ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა “გავლენის ქვეშ არიან”.

“სურვილი აქვს ბევრს, მაგრამ ისინი არიან ამჟამად შანტაჟის და გავლენის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უკვე იქნებოდნენ პარლამენტში შემოსულები. მაგრამ გამომდინარე შემოსვლის ზოგადი სულისკვეთებიდან, ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში ისინი პარლამენტში შემოვლენ”,- განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება