fbpx

ირაკლი კობახიძე – ირაკლი კობახიძე – შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი – ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი,  თუ ამას გაიაზრებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს აღარავინ გააპროტესტებს გუშინდელ ბრიფინგს

ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ხელოვნური შანტაჟით ამყოფეს პოლარიზაციის პირობებში და ამას სჭირდება რეაგირება.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი ფორმით შეკრების უფლება და ეს უფლება თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს არ აქვს საფუძველი ერთი მარტივი მიზეზის გამო – რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. ჩვენ წელიწადნახევარი ვეხვეწებოდით მათ, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობდით უარს კანდიდატის სტატუსზე? ვინმემ განმარტა, ოდესმე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? არავინ განმარტა. როცა ამ ყველაფერს მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდებიან. ეს ხომ არის განსამარტი, საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ევროპარლამენტმა მიიღო 5 რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, ომის დაწყებიდან დღემდე, გააქტიურდნენ ომის დაწყების შემდეგ და ხუთივე რეზოლუციის შინაარსი მოგეხსენებათ, რომ ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას ციხეებიდან, საუბარი იყო კრიმინალების მფარველობაზე, ითხოვდნენ მმართველი გუნდის ლიდერების დასჯას, გაუგონარი ჩანაწერებია თითოეულ ამ რეზოლუციაში, უსამართლობის მწვერვალია თითოეული ეს რეზოლუცია. ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა იყოს კითხვები დასმული. საქართველოს რომ არ აქვს გახსნილი დღეს მოლაპარაკებები და რომ აქვს გახსნილი მოლდოვას, ამასთან დაკავშირებით რატომ არ ისმის კითხვები საჯაროდ, ამ ადამიანებს რატომ არ აქვთ ეს კითხვები. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მოლდოვას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ცოტა ხნის წინ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განაახლონ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ერთი კრიტიკული განცხადება თუ გახსოვთ მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის რჩება დსთ-ს წევრად. ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური და სწორედ ამ უსამართლობას, ამ შანტაჟს სჭირდება რეაგირება. ჩვენ რომ ჩაგვტოვეს 3 წელი, ხელოვნური შანტაჟით, პოლარიზაციის პირობებში ამას სჭირდება, სწორედ, რეაგირება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროტესტს არ აქვს არავითარი საფუძველი, ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს ის, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ სამი წლის განმავლობაში. ვის რაში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი, რაში სჭირდებათ ხელოვნურად ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი. ეს უნდა გაიაზროს, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება.

„ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას და გვაქვს იმედი, რომ ამის შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, ჩვენ ვაგრძელებთ შეუფერხებლად სვლას ევროკავშირისკენ და, სწორედ, ამიტომ ვამბობთ იმას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი – ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი.  თუ ამას გაიაზრებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ცხადია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითქვა გუშინ და რა ითქვა დღეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება