fbpx

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება ბოლშევიზმი საქართველოში რაიმე წარმატებით სარგებლობდეს. შესაბამისად, რაღაც მომენტებში ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, დავიცვათ ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება

ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება დაიცვას თავი ნებისმიერი შემოტევისგან და, როგორც წესი, არ სჭირდება ჩვენი დაცვა. მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახესა და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს ჩვენი ჩარევაც არის, მგონი, აუცილებელი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დროს ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეტევები ეკლესიაზე ქართულ იდენტობასთან ბრძოლის ნაწილია.

„ამ შემთხვევაში იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინცდამაინც იმ დღეს გაახსენდა ვიღაცას – გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. რა თქმა უნდა, სპეციალურად დაამთხვიეს განცხადება შობის დღესასწაულს, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაემძაფრებინათ ამ შეტევის შინაარსი. მერე [ეს] გაგრძელდა იმ ვანდალიზმით, რომელიც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში.

ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი აქვს. ვიღაცებს არ მოსწონს, რომ ეკლესია ყველაფერთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული ნდობითა და რეპუტაციით ქვეყანაში, და, შესაბამისად, უნდათ რომ რაღაცნაირად შეარყიონ ეს ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, არის ამ ადამიანების მხრიდან შეტევის პირდაპირი საგანი და ეს გრძელდება უკვე წლებია.

ისინი ამაყობენ იმით, რომ ეკლესიის ნდობა 99%-დან შემცირდა პირობითად 95%-მდე და ა.შ. ასეთი რაღაცები უხარიათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმის გამეორება 100 წლის თავზე. გახსოვთ, რომ პიკზე იყო ბოლშევიზმის გამოვლინება ჩვენს ქვეყანაში საუკუნის წინ და ამ ყველაფრის გამეორებას ვხედავთ ჩვენ ამ ადამიანების სახით, როგორებიც არიან გიორგი კანდელაკი, ნატა ფერაძე და ა.შ. არ შეიძლება ბოლშევიზმი საქართველოში რაიმე წარმატებით სარგებლობდეს. შესაბამისად, რაღაც მომენტებში ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, რომ დავიცვათ ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება