არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა, რომ პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში გადასულიყო – ევროკომისიის რეკომენდაციებს გავყევით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქციის აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადატანას გამოეხმაურა.
„თავის დროზე ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. არა მარტო შექმნილიყო ცალკე სამსახური, არამედ ფუნქციებიც თავმოყრილიყო. ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია არის სწორედ პარტიების დაფინანსების კონტროლი. სწორედ ამის გამო ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად, გადავიდა ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ სამსახურში. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ ფუნქციის სადმე გადატანას. როდესაც იყო აუდიტის სამსახურში, კონსტიტუციის თავსებადობა იყო ეჭვქვეშ, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო სახსრებს მეთვალყურეობს აუდიტის სამსახური და არა პარტიულს. კონსტიტუციის თავსებადობის საკითხზე თავის დროზე ვენეციის კომისიაც საუბრობდა, რეკომენდაციაც იყო, რომ აუდიტიდან სადმე სხვაგან წასულიყო ეს ფუნქცია და ამას დაემატა ის რეკომენდაცია, რომ ახალ სამსახურში მომხდარიყო ფუნქციების თავმოყრა. ჩვენ გავყევით ევროკომისიის რეკომენდაციებს, ინტერესი არ გვქონდა, რომ გადასულიყო ეს ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არ შეექმნება ანტიკორუფციულ ბიუროს სანდოობის პრობლემა, კობახიძემ განაცხადა, რომ ამას პრაქტიკა აჩვენებს, თუმცა ძალიან რთულია „შავი ფულის“ კონტროლი ქართულ პოლიტიკაში.
„ ყველა უნდა დააკვირდეს პრაქტიკას. აუდიტის სამსახურის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურს არაერთხელ დაუჯარიმებია არაერთი პარტია, ჩვენც შეგვეხო რამდენიმე ჯარიმა წლების განმავლობაში არასწორი შემოწირულებების და ხარჯების გამო, არის ხოლმე მათ შორის ტექნიკური და არატექნიკური ხარვეზები. საერთო პრობლემა, რაც იკვეთებოდა და რაც არ იყო აუდიტის სამსახურის ბრალი, იყო ის, რომ საქართველოში ვერ ხერხდებოდა „შავი ფულის“ კონტროლი როგორც არჩევნების დროს, ისე ზოგადად, პოლიტიკაში. ვიცით, რომ არიან კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ღიად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და აღიარებაც აქვთ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, მაგრამ ეს ფული არსად ჩანს. ერთის მხრივ, აუდიტის სამსახურის საქმიანობა არ იყო პრეტენზიების საგანი, მაგრამ არა მისი ბრალეულობით, წარმატებულად მაინც ვერ ხერხდებოდა პოლიტიკური ფულის კონტროლი. მგონია, რომ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება, რადგან ძალიან რთულია „შავი ფულის“ კონტროლი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კობახიძემ.