fbpx

თუ ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ზედმიწევნით დაიცავენ რეკომენდაციებს და „არ გალაღდებიან“, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს.

ამასთან, გამყრელიძემ კორონავირუსის შტამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვირუსის თითქმის 90% ბრიტანულია.

„გარკვეული პარამეტრების მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ. თუ ისე დავიცავთ ყველაფერს და ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს.

გუშინ, ჩვენ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, ერთი დღის განმავლობაში. ვაქცინაციის ციფრი 4689 იყო, რომელიც პროგრესულია და კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ყველანაირი პროგნოზით ქვეყანაში პრევალირებს ბრიტანული შტამი, თითქმის 90%-ით ბრიტანული შტამი გვაქვს“, – აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო 7 დღის – 6,35%-ია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება