კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ ოფიციალურად წარუდგინა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – დავით შანიძე.
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ისაუბრა მომავალი საბიუჯეტო წლის გეგმების შესახებ. დაიგეგმა რამდენიმე საერთაშორისო გასტროლი. კულტურის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამინისტრო ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემაში და მის მიღმა მოქმედ ფოლკლორულ ანსამბლებს, რათა თითოეული მათგანი სათანადოდ წარმოჩნდეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე – საზღვარგარეთ.
შეხვედრის ბოლოს კულტურის მინისტრმა ანსამბლ „რუსთავის“ წევრებს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით შანიძის, თაოსნობით წარმატებული და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
დავით შანიძე სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ სამხატვრო ხელმძღვანელად მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან დაინიშნა. მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომელიც ანსამბლის შემოქმედებითი გუნდის მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ჩატარებული არჩევნების შედეგს ეფუძნება, უკვე გამოიცა.
დავით შანიძემ მუსიკალური განათლება მიიღო ჯერ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალურ კოლეჯში (1984-1989 წლები), 1995 წელს კი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
დავით შანიძე ცნობილი ქართველი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის, მოსწავლეა. მისი პროფესიული საქმიანობა მრავალფეროვანია: იყო ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი, ანსამბლ „ბიჭების“ მოსამზადებელი ჯგუფების მუსიკალური ხელმძღვანელი, ვაჟთა ანსამბლ „გეორგიკას“ დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი, ქართული ეთნოჯაზჯგუფ „შინის“ სოლისტი, ეთნოჯაზჯგუფ „ეგარის“ დამაარსებელი, მხატვრული ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და სოლისტი.
დავით შანიძის პროექტებია „დავითი და ურსა“ და „დავით-შანი: „კავკასიის მარგალიტი““. იგი 2017 წლიდან დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში.